გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ არსებული #MeToo (#მეც) კამპანია საჯაროდ გასამართლების პროცესს ჰგავს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. როგორც ხვიჩია ამბობს, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ეს ცუდი ფორმაა.

"#MeToo კამპანია, რომელიც არის ახლა აგორებული ამ წუთის მოცემულობით, ჰგავს შუასაუკუნეობრივ საჯაროდ გასამართლების პროცესს. სადღაც ლაფს ესროდნენ ან ქვას, ან კედს, ჩაქოლვის პროცესს, ამის მიუხედავად ვინმე დამნაშავეა თუ უდანაშაულოა. თვითონ ძალიან ცუდია ეს ფორმა მართლმსაჯულების აღსრულების. MeToo კამპანიებით არ წყდება, ვინ მტყუანია და ვინ მართალია და, ზოგადად, მართლმსაჯულების საკითხები.

ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მათ შორის თავისი შვილის მიმართ არის, რომ ჩვენ არ შეგვიქმნა ისეთი ადგილი საქართველოში, სადაც ბერას ახლა შეეძლებოდა მისვლა და ლაპარაკი და მისი მხრიდან ნანახი რეალობის ახსნა. ახლა მას ასამართლებს ყველაზე ცუდი მსაჯული — მასა. ადამიანების მასა არჩევს მტყუან-მართალს #MeToo კამპანიებით. ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა, რომ რომელიმე ჩვენგანი ხალხის მასამ გაასამართლოს #MeToo კამპანიებით ყველანაირი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე", — ამბობს ხვიჩია.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.

გაიგეთ მეტი: