ქართული ოცნების გენერალური მდივნისა და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში პრემიერმინისტრთან ერთად ვინ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. გუნდის მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრთან ერთად ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან", — აღნიშნა კალაძემ.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომას არ აპირებდა. თუმცა ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრების შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ ქართულ ოცნებას მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.