აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მომდევნო დღეებში მეტ ინფორმაციას გავიგებთ, თუმცა რა იგულისხმა ამაში, უცნობია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ჩანაწერების შინაარსის შეფასებას არ აპირებს.

"ზოგადად ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია, არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ დამატებით შესაძლებლობა, გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია", — განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, რა იგულისხმებოდა, დამატებით ინფორმაციაში, კალაძე არ პასუხობს:

"დაელოდეთ და გაიგებთ ყველაფერს... ნუ შფოთავთ, ნუ ღელავთ, დაელოდეთ. ნუ ჩქარობთ"

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

გაიგეთ მეტი: