ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, ზოგიერთი ადამიანი იმით ბედნიერდება, რომ სხვას ჩაგრავს, ანადგურებს და ეს არ არის ადამიანური.

"დღეს მოვდიოდი ტაძარში და ვფიქრობდი, რაზე უნდა მესაუბრა თქვენთან. ჩვენ საერონი და სასულიერონი ადამიანები ვართ. ხორცი ვართ, გული გვაქვს, გონება, ემოცია. ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება აისახება ჩვენში და იწვევს ძალიან დიდ ტკივილსა და წუხილს. ყველას გვყავს შვილები, მშობლები, ყველას უნდა სიკეთე თავისი ოჯახისთვის, მაგრამ ადამიანებს ძალიან განსხვავებულად წარმოუდგენიათ სიკეთე. ვიღაც სხვას რომ გულს გაუხარებს, რომ ასიამოვნებს, სიხარულს რომ მიანიჭებს, ამით არის ბედნიერი და ვიღაც ბედნიერია იმით, სხვას რომ დაჩაგრავს, სხვას რომ წაშლის, სხვას რომ გაანადგურებს და ამით ხარობს. ეს არ არის ადამიანური. თუ ვართ ქრისტიანები, ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა ვიყოთ და ეს არ უნდა იყოს დეკლარირებული მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ რიტუალურ ცხოვრებაში ჩვენი მონაწილეობით, არამედ ეს უნდა იყოს ჩვენს მოქმედებებში, ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს ურთიერთობებში. ღმერთმა მოგვანიჭოს გონიერება და სიბრძნე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და არა მხოლოდ ქვეყანა, ღმერთმა დალოცოს ქართული სახელმწიფო", — განაცხადა მეუფემ მთავარი არხის ეთერში.