ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია არ მისცემს საბაბს ქართულ ოცნებას, რომ მოლაპარაკებებზე ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით მათ მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს.

"სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური, ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაშიც რომ ვთქვათ, განვითარება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერმინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე არ იყოს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსია მთლიანად ოპოზიციაში, იმ განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, რომ ჩვენ არ მივცემთ საბაბს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს, თუ აქამდე მივა საქმე", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ჩანაწერებების გავრცელების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომას არ აპირებს. განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიების უმრავლესობას და თვლიან, რომ ღარიბაშვილი ზუსტად ისევე ახმოვანებს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფიქრებს, როგორც ნებისმიერი სხვა.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ განცხადება ამ დრომდე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ გაუკეთებია.

აღნიშნულს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების ლიდერები, მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე, განცხადება გააკეთა თვითონ პარტიამაც, თუმცა ღარიბაშვილისგან განმარტება საზოგადოებას ჯერ კიდევ არ მოუსმენია.