მკვლევრებმა ცოტა ხნის წინ გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, თეთრ ჯუჯებში მიმდინარე თერმობირთვული რეაქცია იწვევს აფეთქებებს, რომლებიც დედამიწის ატომურ ბომბებს მოგვაგონებს.

მოხსენებაში, რომელიც მალე Physical Review Letters-ში გამოქვეყნდება, მეცნიერები ხსნიან, თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა რეაქციებმა მზური აფეთქებები, რომელსაც 1a ტიპის ზეახალი ეწოდება. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ტიპის ზეახალის აფეთქებას ბირთვული აფეთქებების სერიები იწვევს.

კვლევის აღწერის მიხედვით, რომელიც Vice-ში გასულ კვირას გამოქვეყნდა, თეთრ ჯუჯებში შესაძლოა იყოს ისეთი ნივთიერება, რომელიც "ურანის ფიფქების" სახელწოდებითაა ცნობილი. როგორც ვიცით, დროთა განმავლობაში რადიოაქტიური ურანი იშლება და ხდება უფრო არასტაბილური. დაშლის შედეგად იგი იწვევს ბირთვულ რეაქციების ჯაჭვს, ეს რეაქციები კი თავის მხრივ იწვევენ ატომური ბომბის აფეთქების მსგავს მასიურ აფეთქებებს.

აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ პატარა ზომის ატომური ბომბები შესაძლოა იწვევდნენ უფრო მასიური ატომური ბომბების აფეთქებას სამყაროში.

აღნიშნული ჰიპოთეზა უპირისპირდება უფრო გავრცელებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, 1a ტიპის ზეახალი ფეთქდება ბინარულ ვარსკვლავურ სისტემაში, სადაც ერთ-ერთი ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა, მეორე კი ან ნაკლებად მასიური თეთრი ჯუჯა, ან სხვა ტიპის ვარსკვლავი. სისტემაში თეთრ ჯუჯაზე მისი თანმხლები ვარსკვლავიდან გადადის მატერია, გროვდება და გარკვეული დროის შემდეგ იზრდება ვარსკვლავის ტემპერატურა და წნევა იმ ნიშნულს აღწევს, რომელიც ნახშირბად-ჟანგბადის თერმობირთვული რეაქციის დასაწყებად არის საჭირო. ცენტრალურ და გარე ფენებს შორის სიმკვრივეთა სხვაობა იწვევს კონვექციის გაძლიერებას (კონვექცია — სითბური ენერგიის გავრცელება. როდესაც სითხე ან აირი თბება, სითბოს წყაროსთან ყველაზე ახლომდებარე ნაწილი ფართოვდება და ნაკლებად მკვრივი ნაწილი ზემოთ ადის). შედეგად თერმობირთვული რეაქცია ვრცელდება ცენტრიდან გარე ფენებისკენ, გამოყოფილი ენერგია კი ვარსკვლავის გარსის შემადგენელ მატერიას კოსმოსში გამოტყორცნის — ხდება 1a ტიპის ზეახალის აფეთქება.

"მეცნიერები ფიქრობენ, რომ თეთრ ჯუჯებს ჰყავთ თანმხლები ვარსკვლავები, რადგან ზეახალის აფეთქებას სხვა ახსნას ვერ უძებნიან. ჩვენ კი ვუშვებთ, რომ თანხმლები ვარსკვლავის შესახებ ზოგიერთი 1as ტიპის შემთხვევაში მაინც შეიძლება ვცდებოდეთ", — განუმარტა Vice-ს ჩარლზ ჰოროვიცმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა და ფიზიკის პროფესორმა ინდიანას უნივერსიტეტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოსაზრება ასე თუ ისე დამაჯერებელია, კვლევის ავტორები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ეს მხოლოდდამხოლოდ ჰიპოთეზაა. მათ ჯერ იმის ის უნდა დაამტკიცონ, რომ ურანის ფიფქები მართლაც იწვევენ აფეთქებებს.

"ამ ეტაპზე უნდა დავუკავშირდეთ ჩვენ მეგობრებს, რომლებიც ზეახალის სიმულაციებზე მუშაობენ და უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენი ჰიპოთეზის მოდელის მიხედვითაც შექმნან სიმულაციები, რომელთა საფუძველზე გავიგებთ, შეუძლიათ თუ არა ამ პატარა "ფიფქებს" იმდენად გაცხელებს, რომ ბირთვული რეაქცია გამოიწვიონ", — უყვება Vice-ს მეტ კაპლანი, კვლევის თანაავტორი და ფიზიკის ასისტენტ პროფესორი ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. "ჩვენი მოხსენება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ამაში შეუძლებელი და არალოგიკური არაფერია, თუმცა კიდევ უამრავი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი".

ამიტომ, სანამ ზეახალის სიმულაციები სიმულაციად დარჩება, ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით იმას, თუ რა გამოვა ამ საქმიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული კვლევა წარმოადგენს წინ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვად დაგვეხმარება ვარსკვლავის სასიცოცხლო ციკლის უკეთ შესწავლაში.