ადრეული კინო ხშირად მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შავ-თეთრ მოვლენად მოიაზრება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ მკვეთრი ფერების კრებულისგან, რასაც დღევანდელი 4K გარჩევადობის ტელევიზორი გვთავაზობს. თუმცა, სინამდვილეში, პირვანდელი ფილმების დაახლოებით 80 პროცენტი ფერადი იყო — მათ მკვეთრი საღებავებით ტუშავდნენ და აფერადებდნენ, რის შედეგადაც უცნაური, სიურრეალური ეფექტი იქმნებოდა.

მყვირალა და ხშირად ფანტასტიკური ფერები, რომლებმაც ყველაზე ადრეული ფილმების ფირებზე გაიბრწყინეს, ძირითადად კინემატოგრაფიის ისტორიის მიღმა რჩებიან. კიდევ უფრო მივიწყებულნი არიან ის ქალები, რომლებმაც ეს საოცარი ფერები შექმნეს.

არადა, ისეთი საგულდაგულო, დამღლელი სამუშაო, როგორიც ფირის ხელით გაფერადებაა, კინოპროდუქციის სფეროში ხელოვანი ქალებისათვის ერთ-ერთი პირველი საქმიანობა გახლდათ. შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ პროფესიაში სწორედ ისინი დომინირებდნენ. სამწუხაროდ, მხოლოდ მწირმა წერილობითმა წყაროებმა შემოინახა მათი გამოცდილება, თუმცა მათი შრომა დღეს არქივისტების მიერ ფირების რესტავრაციისა და გაციფრულების წყალობით შეგვიძლია ვიხილოთ და დავაფასოთ.

კადრი 1907 წლის ფილმიდან, ტიტები.

ფოტო: Eye Collection / Amsterdam University Press

ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქალები, რომლებიც ფირის გაფერადების სახელოსნოებში მუშაობდნენ, გრძელ სამუშაო დღეებს გამადიდებელ შუშაში მოცქირალნი ატარებდნენ და საღებავი ფირზე აქლემის ბეწვივით თხელი ფუნჯებით გადაჰქონდათ. უმცირეს, 35 მმ-იან ტილოზე მუშაობა დიდ გულმოდგინებას მოითხოვდა, რადგან ფუნჯის ერთ მცდარ მოქნევასაც კი შეეძლო მთელი კადრის გაფუჭება. ზოგიერთმა გამფერადებელმა ქალმა ეს უნარი წლების განმავლობაში ღია ბარათებისა და დიაპოზიტივების გაფერადების მეშვეობით შეიძინა, რაც დეტალებისადმი ასეთივე დიდ ყურადღებას მოითხოვდა.

ფირის გაფერადების საწყის პერიოდში საღებავებს, ძირითადად, კადრში მნიშვნელოვანი საგნების წინ წამოსაწევად იყენებდნენ. გამოსახულება უმეტესად ისევ შავ-თეთრი იყო და ფერადი დეტალები მხოლოდ აქა-იქ ჰქონდა დამატებული: ლურჯი ქუდი, ვარდისფერი კაბა, ყვითელი ვარსკვლავი. ფერები განსაკუთრებით პოპულარული გახდა საცეკვაო ფილმების ჟანრში — მოკლე ნამუშევრებში, სადაც მოფარფატე კაბებით შემოსილი ქალი მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. ამ ფილმებში მკვეთრი ტონალობის ფერები უფრო აბსტრაქტულად შეიძლებოდა აღქმულიყო, ხოლო ხელით გაფერადებით გამოწვეული ტალღისებური აცდენები ნაკლებად შესამჩნევი იყო. უკვე 1890-იანი წლების მიწურულს ტომას ედისონისა და ძმები ლუმიერების მიერ გაპოპულარულებული "სერპენტინის ცეკვის" ფილმების ყურებისას სულ მცირე სამი ფერის დანახვა სტანდარტად იქცა.

ფოტო: Eye Collection

თუმცა, ფერადი ფირი შავ-თეთრზე 70-80 პროცენტით ძვირი ჯდებოდა და რაც უფრო გრძელი იყო ფილმი, მით უფრო იზრდებოდა მისი გაფერადების ხარჯი. აქედან გამომდინარე, პროდიუსერებს შედარებით ხანმოკლე ფილმების გაფერადება ერჩივნათ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფირის გაფერადება ამ ხარჯად ღირდა: იმდროინდელი ჩანაწერები გვაუწყებს, რომ აუდიტორია დიდ აღფრთოვანებას გამოხატავდა ფილმების ფერადი სამყაროს მიმართ. როგორც დევიდ ჰულფიში კინოხელოვნებისთვის მიძღვნილ გაზეთ Nickelodeon-ში 1909 წელს აღნიშნავდა, "ფერადი ფილმი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. აუდიტორია პირდაპირი მნიშვნელობით წელში იმართება და ყურადღებას იკრებს, როგორც კი გაფერადებული ფილმის პირველი კადრი ჩნდება ეკრანზე".

ფირის პროფესიონალური გაფერადებისადმი მოთხოვნის ზრდასთან ერთად ზოგიერთმა ქალმა გამფერადებელმა საკუთარი სტუდიაც კი გახსნა და ახალგაზრდა მხატვრები დაასაქმა. სწორედ მათ რიცხვში იყო ფრანგი გამფერადებელი, ელიზაბეთ თიუილიე, რომელიც ცნობილი რეჟისორის, ჟორჟ მელიესის ფილმებზე მომუშავე სახელოსნოს ფლობდა და მართავდა. დეტალებზე ჩაკირკიტებული თიულიე ღამეებს ათენებდა ფერების გამოყვანასა და პალიტრების შექმნაში. დღის განმავლობაში კი 220 ქალისგან შემდგარ სამუშაო გუნდს მის ნიმუშებზე დაყრდნობით ფაქიზად გადაჰქონდა ფირზე წყალში გახსნილი ანილინის საღებავი. ფორდის კონვეიერის მსგავსად, თითოეული ქალი თითო ჯერზე მხოლოდ ერთ ელფერს იყენებდა — ცალკეულ ფილმს 20-ზე მეტი განსხვავებული ფერი შეიძლებოდა ჰქონოდა. მელიესის ყველაზე ცნობილ ნამუშევარზე, 1902 წლის მოგზაურობა მთვარეზე, მუშაობისას საერთო ჯამში 13,375 კადრი გააფერადეს.

კადრი 1907 წლის ფილმიდან, ტიტები.

ფოტო: Eye Collection / Amsterdam University Press

მე-19 საუკუნის ბოლოს რომელიმე პროფესიულ სფეროში ქალთა ასე მარტივად მიღება ნამდვილად უჩვეულო პრეცედენტი გახლდათ. გასაკვირი არაა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ ასაქმებდნენ, მცირე ანაზღაურება იყო. მაგალითად, ერთი ფრანგული სახელოსნო, რომელსაც ძმები პათეები მართავდნენ, 1910-იან წლებში ქალ გამფერადებლებს კვირაში 21 ფრანკს უხდიდა, რაც ახლომდებარე ქარხნებში მომუშავე კაცთა საშუალო ანაზღაურებას მხოლოდ 6 ფრანკით აღემატებოდა. ამის გამო იქ მომუშავე ქალებს დამცინავი ზედმეტსახელი, poules de chez Pathé, ანუ პათეს კრუხები შეარქვეს.

თუმცა ქალების ამ სფეროში მხოლოდ იაფფასიანი მუშახელის ყოლის გამო არ ასაქმებდნენ. ფირების გაფერადება ისეთ "საშინაო", ქალებისთვის განკუთვნილ საქმედ აღიქმებოდა, როგორიც შუშის ან ფაიფურის მოხატვა იყო. მეტიც, როგორც მკვლევარი, ჯოშუა იუმიბე თავის წიგნში, მოძრავი ფერი, წერს, "ისტორიულად მიიჩნეოდა, რომ ქალები უკეთ აღიქვამდნენ ფერებს და მეტად ექცეოდნენ მათი ემოციური გავლენის ქვეშ". ამის საპირისპიროდ, ფორმა კაცურ და შესაბამისად, ინტელექტუალურ საწყისთან იყო ასოცირებული.

კადრი 1908 წლის ფილმიდან, ექსკურსია მთვარეზე.

ფოტო: Eye Collection / Amsterdam University Press

ფერისა და ფორმის დაპირისპირების შესახებ კამათი, რომელიც ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს დაიწყო, განსაკუთრებით გამწვავდა მე-17 საუკუნის საფრანგეთში. მას შემდეგ ესთეტიკის მრავალი თეორეტიკოსი — მათ შორის, მე-20 საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსი, თეოდორ ადორნო — ამტკიცებდა, რომ ფერი ფორმას მნიშვნელობით ჩამოუვარდება — ის არის ზედაპირული ფენა, ქალური ახირება. ამაზე დაყრდნობით, იუმიბე ხსნის, რომ ფილმის გაფერადება სახეზე მაკიაჟის წასმის მსგავს ქმედებად აღიქმებოდა და აქედან გამომდინარე ეს საქმიანობა ქალებისთვის შესაფერისად შეირაცხა.

ქალ მოცეკვავეთა ფილმების პოპულარულობის გამო, ფერს ხშირად ეკრანზე ქალის გამოსახულებასთან აკავშირებდნენ. არის რაღაც პოეტური იმაში, რომ მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, რასაც ეს ადამიანები კინოხელოვნების სფეროს ორივე პროფესიაში აწყდებოდნენ, ქალი ხელოვანები ქალ შემსრულებლებს ნათელი ფერებით ამკობდნენ და ასე მატებდნენ ძალასა და სიცოცხლეს ადრეული კინოს ნაცრისფერ სამყაროს.