დღეიდან, 8 მარტიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე საბაგიროები, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირასაც განაახლებენ. 8 მარტიდან ასევე რესტორნები შეძლებენ შიდა სივრცეებში მუშაობას.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, 15 მარტიდან გაიხსნება:

  • სპორტული დარბაზები;
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგენის შესაძლებლობა იქნება;
  • განახლდება სასკოლო წრეები;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებსა და ვარჯიშს აღადგენენ.

1-ლი აპრილიდან თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები საქმიანობას სრულად აღადგენენ (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით).

ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა.

25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე, 1-ლი მარტიდან კი მუშაობა აღადგინეს კერძო და საჯარო ბაღებმა.