შემდეგი კატეგორიაა: ფინალური სეზონი!

ბოლო წლების ერთი-ერთი ყველაზე ემოციური და აქტუალური თემატიკის მქონე სერიალი Pose (პოზა) დასასრულს მიუახლოვდა: ემის ჯილდოს მფლობელი ამ სატელევიზიო შოუს მწარმოებელმა კომპანია FX-მა დააანონსა, რომ მესამე სეზონით ერთგულ მაყურებლებს დაემშვიდობებიან.

მესამე სეზონის პრემიერა ორ მაისს შედგება და წინა ორი სეზონისგან განსხვავებით უფრო მოკლეხნიანი იქნება — მასში შვიდი ეპიზოდი იქნება. პირველ კვირას ერთდროულად ორი სერია გამოვა, სულ ბოლო ეპიზოდის ხილვა კი მაყურებელს 6 ივნისს შეეძლება.

"ზუსტად ის ისტორია ვაჩვენეთ მაყურებელს, რისი მოყოლაც გვინდოდა და როგორც გვინდოდა. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა", — განაცხადა სერიალის ერთ-ერთმა შემოქმედმა, რაიან მერფიმ.

პოზა 1980-90-იანი წლების ნიუ-იორკის ე.წ. ბალმასკარადის კულტურის (ball culture) შესახებ მოგვითხროს, რომელიც აშშ-ში ისეთი ჩაგრული ჯგუფების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს, როგორებიც ტრანსგენდერები, ჰომოსექსუალები, არათეთრკანიანი და უკიდურესად ღარიბი ადამიანები არიან.

სერიალმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევით, როგორებიცაა შიდსთან ბრძოლა, ნარკოდამოკიდებულება, რთულად გადასალახი საზოგადოებრივი ბარიერები თუ სექსუალური გამოცდილების მრავალფეროვნება, უამრავი მაყურებლის გული მოიგო. თანაც აღსანიშნავია, რომ შოუში ტრანსგენდერი პერსონაჟების როლებს ტრანსგენდერი მსახიობები ასრულებენ, რაც თანამედროვე მსოფლიო ტელევიზიისთვის ერთგვარად ახალი სტანდარტის დაწესება აღმოჩნდა.

ისღა დაგვრჩენია, საყვარელი პერსონაჟების ეკრანზე ბოლოჯერ ხილვას გაფაციცებული დაველოდოთ.

ფოტო: FX