გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ქართული ოცნებიდან ვინც არ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველა "ღარიბაშვილი" იქნება. ამის შესახებ მან პლატფორმა Clubhouse-ის On.ge-ს ოთახში ჩვენი ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პერსონებს მნიშვნელობა არ აქვს.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. აღნიშნული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა მოლაპარაკებებიდან ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოშორება მოითხოვა.

"ღარიბაშვილია ეგეთი პერსონა ქართულ ოცნებაში და თითქოს მთელი დანარჩენი სისტემა "ოქეია" და ნებისმიერი სხვა რომ მოვიდეს, მათ შორის გაჩუმებული რომ არის და ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე, იმაზე არაა პასუხისმგებლობა. არც ეგ მგონია სწორი. ჩემი აზრით, რადგანაც ეს ფორმატი არსებობს, ვინც არ უნდა მოვიდეს ქართული ოცნებიდან, ჩემს წარმოდგენაში ყველა ღარიბაშვილია. არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ პერსონას, ღარიბაშვილი მოვა თუ [ირაკლი] კობახიძე. კობახიძესთან ვიჯექით მოლაპარაკების მაგიდაზე სამი რაუნდის განმავლობაში. კობახიძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პასუხისმგებელი პერსონა გავრილოვის ღამეზე, მაგრამ მივედით და ველაპარაკეთ", — აღნიშნა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან არ გამორიცზა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერის პოზიციას, რომ ღარიბაშვილთან არ დაჯდება, მოლაპარაკებებს საფრთხე შეუქმნას.

"ტუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამა და ამ რიცხვში იქნება მოლაპარაკების რაუნდი და ის იქნება იდენტური, როგორიც იყო ორბელიანების სასახლეში. ამ დროს რას შვება ოპოზიცია, მიდის შარლ მიშელთან და ეუბნება, არ ვსხდებით ღარიბაშვილთან და ოცნებამ ვინმე სხვა გამოუშვას? შარლ მიშელი იძახის, რომ მესმის რა სიტუაცია, მაგრამ იმავე ფორმატში იქნება. ამ დროს რას შვება ოპოზიცია? რეალურად უარს ამბობს და ჩამშლელი გამოდის, ყველა შემთხვევაში თუ უკან იწევს საკუთარი სიტყვიდან და მაინც ჯდება. ასეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, შეიძლება არ შეიქმნას", — ამბობს ჯაფარიძე.

TV პირველის ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ლელოს განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მათთვის მიუღებელია. ღარიბაშვილთა მოლაპარაკებების წარმართვას "წარმოუდგენელი" უწოდა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამაც.

განსხვავებული პოზიცია აქვს ელენე ხოშტარიას, რომელსაც მიაჩნია, რომ სუბარი რიგგარეშე არჩევნებზეა და მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იჯდება მაგიდასთან.