საქართველოს ახალაგაზრდა იურსიტთა ასოციაციის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მრავალწლიანი გადამზადების მიუხედავადმ კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საია-მ შეფასება გამოაქვეყნა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სისტემურ ხარვეზებზე ისაუბრა.

ფემიციდი

საია-ს განცხადებით, გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის — ფემიციდის ყოველწლიური შემთხვევები სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს აჩვენებს.

"2020 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი დაკოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას.

ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურებაპრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოებისეფექტიანობის კოეფიციენტს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის. კერძოდ, საიას-ს პოზიციით, საქმეში, გენდერული მოტივის გამოკვეთის მიზნით, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და ნათელი ხედვა, თუ რა უნდა იყოს მიჩნეული გენდერულ მოტივად.

სქესობრივი დანაშაული

განცხადებაში საია სქესობრივი დანაშაულების მზარდ სტატისტიკაზეც საუბრობს. მათი შეფასებით, სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. ორგანიზაციის თქმით, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს, ხოლო ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.

"სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია", — ამბობენ ორგანიზაციაში.

მათი განცხადებით, სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევები სახელმწიფოსგან მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე აქტიურ მუშაობას მოითხოვს. ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან აუცილებელია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი დაზარალებულების შესაბამისი ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისებით აღჭურვა.

იძულებითი აბორტი/აბორტის იძულება

"იძულებითი აბორტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებების სფეროში ექცევა. იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, საიას განცხადებით, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფად აისახოს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნები, ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მოხდეს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების შემთხვევების კრიმინალიზება.

იძულებითი ქორწინება და ადრეული ქორწინება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, იძულებითი და ნაადრევი ქორწინება, კანონსაწინააღმდეგო ბუნების გარდა, იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, რადგან მათი განცხადებით, ხშირ შემთხვევაში იძულებითი ქორწინების შემდეგ მსხვერპლს შეზღუდული აქვს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა, სექსუალურ და რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განათლება, პირადი ცხოვრება, თავისუფლების უფლება და სხვა.

"საია-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ქვემო ქართლში 2016-2019 წლებში იძულებითი ქორწინების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ასევე უფრო ხშირად ვაწყდებით ნიშნობის იძულების პრაქტიკასაც", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააძლიეროს მუშაობა ნაადრევი ქორწინებისა და იძულებითი ქორწინების პრევენციის მიმართულებით, ვინაიდან საია-ს განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სწორედ პრევენციაა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი გზა. კერძოდ, არასამთავრობო მიუთითებს იმაზე, რომ ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვრის დაწესება, გოგონებისთვის განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ქორწინების იძულების პრევენციის მნიშვნელოვანი ბერკეტებია.

ოჯახში ძალადობა

საია მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ, როცაპანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით ერთი მესამედით გაიზარდა, საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის ოფიციალური მაჩვენებელი პანდემიის დროს საგრძნობლად არ გაზრდილა. მათი შეფასებით ეს მსოფლიო ტენდენციის პირობებში გარკვეული კითხვის ნიშნის დასმის საფუძველია.

არასამთავრობოს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისა თუ პანდემიის პირობებში შემოღებული სხვადასხვა ზომები ამცირებდა მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგონებისათვის დამატებითი ბარიერი ხდებოდა.

"გარდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, მსხვერპლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად მიიღონ სერვისები, რომლებსაც სთავაზობს სახელმწიფო და ჰქონდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია.

ერთის მხრივ, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფდეს მათ დახმარებას და მხარდაჭერას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამების კუთხით, პანდემიის პირობებში, დახმარების რაიმე სახის ღონისძიებები არ განხორციელებულა.

საია აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისთვის პრევენციისა და ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის შესაფარდებლად მნიშვნელოვანია:

  • შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებებისგატარებას — ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის, შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება;
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისიპროფესიული გადამზადების პროგრამები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია;
  • საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითიაბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია.

ამავე თემაზე: