აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რომლის მონაწილეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე იყვნენ, ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარაზე კიდევ ერთი ადამიანი საუბრობს. ქრისტინე მარტიაშვილმა TV პირველს უთხრა, რომ მას ბებიამ, რომელიც მთელი ცხოვრება შსს-ში მუშაობდა, ბერას Facebook-ზე დაწერილი კომენტარის შემდეგ, სოციალურ მედიაში ნაკლები პოლიტიკური აქტიურობა სთხოვა.

"ფეისბუქპოსტში "მამული, ენა, სარწმუნოება" ეწერა და დავუწერე, რომ ბერა, ძალიან კარგია, რომ ასე წერ, მაგრამ მგონი, "ენა, მამული, სარწმუნოებაა" სწორი-მეთქი. აქედან დაიწყო ყველაფერი. გამოვირჩეოდი პოლიტიკური სტატუსებით და აქტივობით იმიტომ, რომ ყველაფერზე მქონდა ჩემი აზრი, ამ აზრს ვაფიქსირებდი ხოლმე. ბებია შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა თითქმის ნახევარი ცხოვრება, 2019 წლის მიწურულს, დაახლოებით შემოდგომით დამირეკა და მთხოვა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ორი წუთით მივსულიყავი. ასე არასდროს მოუთხოვია ჩემი სახლში მისვლა. იყო სულ ჭრელი სახეზე, ნერვიულობისგან, კანკალებდა და ლამის მუხლებზე დამიჩოქა, რომ გეხვეწები, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო. კონკრეტულად ვინ დაურეკა და რატომ, არ უთქვამს და ასეთი კატეგორიულიც არასდროს ყოფილა, რადგან მე და ბებოს ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ძალიან ვიჩხუბეთ მაგ დღეს იმიტომ, რომ ძალიან გაღიზიანებული და შეშინებული იყო. ასეთი სიტყვები მითხრა, რომ შემთხვევით სადმე ტაქსიში არ ჩაჯდეო და ვერ მივხვდი თავიდან. არაფერზე პასუხი არ გამცა, ერთადერთი ის მითხრა, რომ ვიღაცას ხომ გამოჭრეს უკვე ყელი და რა გინდა, რომ მომკლა ნაადრევადო?", — ამბობს ქრისტინე მარტიაშვილი TV პირველის ეთერში.

ის, ასევე, ყვება, რომ 3 თვის წინ მეგობართან სატელეფონო საუბარში უცნობი პირი ჩაერთო. მარტიაშვილი ამით მოსმენებზე მიუთითებს.

"3 თვის წინ, როდესაც ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი ტელეფონით, შუა საუბრის დროს ჩაგვერთო ვიღაც კაცი, ისმოდა უცნაური ხმები და ეს კაციც ძალიან დაბნეული იყო და რომ ვიკითხე ვინ ხარ-მეთქი, ვინმე გურამი ვარო", — ამბობს ის.

ქრისტინე მარტიაშვილმა აღნიშნულზე დღეს პოსტიც გამოაქვეყნა ფეისბუქგვერდზე.

"2011 წელი იქნებოდა ალბათ,სიმღერა სმს-თვის ვიყავი სტუდიაში,ცოტა ხანში ატყდა განგაში და შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი. შემოიტანეს მაკბუკები და დაიწყეს ექაუნთების კეთება, ვიღაც ცუდ კომენტარებს მიწერს და გავარკვიოთ ვინ არისო. ამიკომ მე ორნაირ პროფილს გავაკეთებ, ერთიდან გაგინებ, მეორედან ამ ტიპს გავლანძღავ და გავარკვევ ვინ არისო. ზუსტად მახსოვს ბერას სიტყვები — "ხო იცი ძმაო ეგ საიდანაც მოდის?!" ხოდა გავარკვიოთო. ნუ მაშინ მე ვერაფერს მივხვდი", — წერს ის.

TV პირველმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.