ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს, რომ deepfake და "თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით შექმნილ ტყუილებს" მაშინ გაეცემა პასუხი, როცა საზოგადოება "ადეკვატურ რეაგირებას" დაიწყებს.

"ჩვენი საზოგადოება დეკლარაციულად მუდმივად გმობს ფარულ და ფაბრიკაციულ ჩანაწერებს, არ მოგვწონს, ჭკუას ვარიგებთ ერთმანეთს, თუმცა ყოველ ჯერზე დიდი ინტერესით და გაფართოებული თვალებით ვითვისებთ ახალ ნაგავ ინტერნეტ მასალას. ონლაინ სამყაროს წესებით, deepfake და თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით შექმნილ ტყუილებს მაშინ გაეცემა პასუხი, როცა ჩვენ ადეკვატურ რეაგირებას დავიწყებთ. გუშინ გავრცელებული, მდაბიოდ შეკოწიწებული ფეიკ ჩანაწერები, (თავად სატელევიზიო სივრცეში რომ ტვ პირველის გაკეთებულ ვიდეოს ეძახიან) მეტი არაფერია, თუ არა დაგეგმილი აქტი, კიდევ ერთი მიზეზი მოძებნოს ოპოზიციამ, გავიდეს ცივილური სივრციდან. რატომ წვალობთ.. პირდაპირ თქვით და არ ხართ ცივილური სამყაროს ნაწილი და უკვე სათანადოდ ინფორმირებული საზოგადოება გაგცემთ პასუხს", — წერს წილოსანი.

TV პირველმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იცინიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.