არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გუშინ გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

"ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნას შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს.გავრცელებული ჩანაწერის ერთერთი სავარაუდო თანამონაწილეა მოქმედი პრემიერ მინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი", — წერია განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

ასევე, არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერმინისტრს მოსთხოვოს განმარტებები.

არასამთავრობოები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებსაც, განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად.

TV პირველმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • საზოგადოება და ბანკები;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG);
  • ცენტრი ემპათია;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • მედიაკლუბი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;