შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ კახეთში, დედის, მამისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავა. აღნიშნული შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

"დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", — წერია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.