გირჩი — მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში ვისაც "სინდისის ნატამალი" ჰქონდა დარჩენლი, ყველა გაიქცა, ვინც დარჩა კი უკვე არაფერზე ამოიღებს ხმას.

"ყველამ ყველაფერი იცის უკვე ოცნებაში. ყველამ იცის რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული. ყველამ იცის და ხმას არ იღებენ. ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და ‘ისევ მიშა მოვა’-სი სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ. ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქცეულია უკვე, როგორც სჩანს, ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს. ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი. ყველა ბერას მორჩილია, ყველა ღარიბაშვილია, ამიტომ ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად-ს შინაარსი არ აქვს", — წერს ჯაფარიძე.

TV პირველმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.