მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, "ნორმალურ ქვეყანაში" რომ ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული ჩანაწერებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით რომ არც პროკურატურა და არც სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და შესაბამისად მოლოდინიც არ გვაქვს ამის. ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლებისგან ბევრი ცუდი რომ იმემკვიდრევა ამაზე კამათი მგონი უკვე ზედმეტიცაა, ეს უკანონო მიყურადების პრაქტიკაც ისე გადაიბარა როგოც ბევრი სხვა ცუდი რამ, ამიტომ არ მიკვირს ახლა, რომ ერთმანეთს სწორედ ამ ბინძური მეთოდებით ებრძვიან.

იოსელიანი წერს იმასაც, რომ, აუცილებელია, ჩანაწერების ავთენტურობა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ექსპერტიზამ დაადასტუროს, თუ არა და ჩანაწერის ყველა ფიგურანტმა უნდა დატოვოს თანამდებობა.

"მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა პირველ რიგში უნდა დადასტურდეს, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია ან ფაბრიკაციაა, ეს უნდა დაადასტუროს ავტორიტეტულმა საერთშორისო ექსპერტიზამ, რაც უფრო მალე გააკეთებს ამას ხელისუფლება მით უკეთესი იქნება მათთვის, თუ არ გააკეთებენ ჩაითვლება, რომ ნამდვილია და მაშინ, ჩანაწერის ყველა ფიგურანტმა უნდა დატოვოს შესაბამისი თანამდებობები, ისინი უნდა გადადგნენ რადგან ჩანაწერები კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. და ბოლოს ჩემდა სამწუხაროდ ამ ქვეყნის უბედურება ისაა, რომ არ არსებობს მანკიერება რასაც ქართული ოცნება ჩაიდენს და არ აღმოჩნდეს, რომ წინა ხელისუფლებას ჩადენილი არ ჰქონოდეს, და პირიქით", — წერს იოსელიანი.

TV პირველმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.