პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერებით ოპოზიცია მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

"რაც შეეხება ჩანაწერებს, ჩვენ აქ უნდა ვთქვათ მკაფიოდ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია, რომლითაც რადიკალური, სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს, რომ რაღაცნაირად გადაიტანოს ყურადღება დღის წესრიგიდან, მთავარი თემებიდან, რაც არის ქვეყანაში", — განაცხადა მაჭარაშვილმა.

TV პირველმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.