ეს ამბავი უბრალო ხუმრობით დაიწყო: 32 წლის კასანდრა მედისონი და 31 წლის ჯულია ტენეტი სხვებს ხშირად ეხუმრებოდნენ, თითქოს დები იყვნენ, თუმცა მათი პატარა ტყუილი მალე სიმართლედ იქცა — დნმ-ის ტესტის მიხედვით, კასანდრა და ჯულია ბიოლოგიური დები არიან.

ერთმანეთს 2013 წელს ერთსა და იმავე რესტორანში მუშაობისას შეხვდნენ და მალევე დამეგობრდნენ. საერთო ძალიან ბევრი ჰქონდათ: ორივე დომინიკელთა რესპუბლიკიდან იყო ნაშვილები, ორივეს სამშობლოს დროშის ტატუ ჰქონდა და ერთმანეთს გარეგნულადაც ძალიან ჰგავდნენ.

გარეგნული მსგავსებისა და საერთო წარსულის გამო, ერთ დღეს გადაწყვიტეს, გაშვილების შესახებ დოკუმენტები შეემოწმებინათ, თუმცა იქ ეწერა, რომ კასანდრასა და ჯულიას სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ეს ამბავი მალე დაივიწყეს. კასანდრა საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და ერთმანეთს ფეისბუქით ეკონტაქტებოდნენ.

კასანდრა მედისონმა იცოდა, რომ ოჯახმა ფინანსური მდგომარეობის გამო გააშვილა. იგი მოგვიანებით სამშობლოში საკუთარი ბიოლოგიური მამის გასაცნობად ჩავიდა. იქ გაიგო, რომ ოჯახმა მასთან ერთად კიდევ ერთი გოგო გააშვილა. კასანდრა მაშინვე ჯულიასთან გაემგზავრა. დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ კასანდრა და ჯულია ნამდვილად დები არიან.

კასანდრასა და ჯულიას გარდა, ოჯახში კიდევ 5 შვილია. ოჯახის წევრები ერთმანეთს ხშირად ესაუბრებიან. ჯულია იმედოვნებს, რომ მალე ბიოლოგიური ოჯახის პირადად გაცნობას შეძლებს.