ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც შეთანხმება ახლოს არის, ოპოზიცია მაგიდების ატრიალებას იწყებს.

"უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებასროცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად. არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი... რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ. გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო. ხალხს დაენახეთ და ხალხი დაინახეთ. ხუთი წუთი მაინც დაფიქრდით რამეზე ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზების ძიების გარდა", — წერს პაპუაშვილი ფეისბუქგვერდზე.

მისივე თქმით, ევროპა მკაცრად აკვირდება რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია დიალოგში და რეაქციების არ აყოვნებს.

"მიხვდით, ჰო, რაც ხდება? ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, დილის პიკეტის მოწყობისთვის, ოპოზიციას ბოდიშები და დაანონსებული აქციების გადადება უწევს. ევროპა მკაცრად აკვირდება, რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია დიალოგში და რეაქციებიც არ აყოვნებს. ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს... ჰოდა, ჰოი საოცრებავ, რას აკეთებს ოპოზიცია, ალბათ რიგმა მოუწია და, ამჯერად ლელოს და ტვ პირველის ხელით...", — ამბობს პაპუაშვილი.

TV პირველმა გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.