მუსიკოსი ზაზა ნოზაძე ეხმაურება TV პირველის მიერ გავრცელბულ ფარულ ჩანაწერებს და აცხადებს, რომ პირადად მსგავსი "ავადმყოფური გამოვლინების" მსხვერპლი არ გამხდარა, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას იზიარებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!
თუ ეს ეგ არის სინამდვილე — ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და მჯერა შესაბამისად დაიგმობა კიდეც! ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს სადაც ხალხია რომელიც, არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას", — აცხადებს ნოზაძე.

თუმცა მიუთითებს, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მის ცხოვრებაში იქექოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, "რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება".

მისი თქმით, წლების წინ მის მიერ გავრელებული ბოდიშის ამ ჩანაწერებთან "მიწერა" სრული სიყალბეა.

"არანაირი არაფერი ისეთი ყოფილა, რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან. თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთს, სადამდე მიგიყვანთ ვერ ვხვდები! მე აქ ვარ და გეუბნებით რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!", — წერს ნოზაძე.

ნოზაძემ ბერა ივანიშვილს ბოდიში 2018 წელს, საჯაროდ მოუხადა. მან Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ თავის სიმღერებში ბერას ცუდად მოიხსენიებდა და ცდილობდა "მისი სახელის გატეხვას", რადგან მანამდე ჯიდიესიდან გაათავისუფლეს. დღეს, TV პირველის ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, სადაც, სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი, ბერა ივანიშვილის გინებისთვის დასჯის ერთ-ერთ ფორმად ბოდიშის მოხდის იძულებასაც განიხილავენ, ზაზა ნოზაძის ეს ვიდეო ხელახლა გავრცელდა. მოქალაქეების ნაწილმა ნოზაძის ბოდიში ამ ჩანაწერებს დაუკავშირა

TV პირველმა გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.