ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის ყველაზე გვიანი ვადა მარტის ბოლოა. მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს.

"მიუხედავად რთული მდგომარეობისა ვაქცინასთან დაკავშირებით, არამხოლოდ საქართველოს ეხება ეს, და იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე, ყველაზე გვიან პერიოდს ვიტყვი იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოების წინაშე — ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა ვაქცინა, საუბარია ფაიზერზე, ასტრაზენეკაზე და ნებისმიერ სხვა გზებითაც, სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა, ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და ეტაპობრივად მოხდება პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით", — განაცხადა მდინარაძემ.