ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქვთ მოლოდინი და "შეიძლება ინფორმაციაც", რომ ოპოზიცია უახლოეს 2-3 დღეში "კომპრომისულ ნაბიჯებს გადმოდგამს". ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება გარკვეული ინფორმაციებიც კი, ვთქვათ ეს გულწრფელად და გულახდილად, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში, ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც, როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. იცით, რომ ე.წ. კომპილაციურ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ექვს სხვადასხვა პუნქტს, არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ ან დათქმების პირობების შესრულების შემდეგ შეიძლება ამ საკითხებზეც ვილაპარაკოთ. არის საკითხები, რაზეც ამ დათქმების გარეშეც შეიძლება მსჯელობა და საკითხები, რომლებიც უკვე რეალიზებაშია და მოქმედებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა", — თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ისაუბრა პოლიტსაბჭოზე განხილულ სხვა საკითხებზეც. მისი თქმით, ქართული ოცნების ოფისში იმსჯელეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, დიალოგზე, ვაქცინაციაზე, ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, "წითელი პრესის საინფორმაციო ტერორზე" და საარჩევნო რეფორმაზე, კერძოდ, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის შენიშვნებზე დაწყებული აქვთ მუშაობა და ეს რეფორმა "გავა ბოლოში".

"საქართველოს პარლამენტი სამი მოსმენით, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს ისეთ ნორმებს, რომელთა თანახმადაც ჩვენ უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე გაცილებით უკეთეს რეგულაციებს მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელიც არ არის ცუდი", — თქვა მდინარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ასევე, იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა დაიწყონ უკვე მზადება შემოდგომაზე ჩასატარებელ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.