ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ფარული ჩანაწერებს, რომლებიც TV პირველის გადაცემის ანონსით გავრცელდა, "სააკაშვილის შავ არქივს" უწოდებს. მისი თქმით, ეს ჩანაწერი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს "მაშინდელი რეჟიმის მონებმა".

"მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა — უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ეს და კიდევ არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი ჯერ კიდევ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა და როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურეების ტირაჟირებისგან. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია", — წერს სუბარი Facebook-ზე.

მისივე მტკიცებით, TV პირველმა მოქალაქეს ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევა "დააბრალა", რასაც ამ ადამიანის ბებიის გარდაცვალება მოჰყვა. საპასუხოდ, TV პირველი ავრცელებს ინტერვიუს მოქალაქესთან, სადაც ის ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ბებია ჰყავს გარდაცვლილი. ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, რომ იმ დროს, როცა მათ ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, მისი ბებია უკვე გარდაცვლილი იყო.

TV პირველმა გაავრცელა გადაცემის ანონსი, სადაც ისმის სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობდა ანზორ ჩუბინიძეც. TV პირველი ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადამიანების დასჯას უკვეთავს, რადგან მათი კომენტარები არ მოეწონა — "სკოლაში ჩაფსმული მივა იმენა დღეს", "ვერ წავიდოდა სკოლაში" ეს და სხვა ფრაზები ისმის ჩანაწერებში, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის.