ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები, რომლის შესახებაც TV პირველმა ანონსი გაავრცელა, 2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები არის ამოღებული და "შეკოწიწებული".

"2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, ეს ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ, ათასგზის გამოიყენებდნენ ამ თემას. სამწუხაროა, რომ ამ ფეიქ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ და შანსს, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, რომ მათ პერიოდებში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ და მათ შორის დიდი რაოდენობის ახალგაზრდა არ იყო. იქნებადა, მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რასაც ისინი ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას", — უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტებს.

TV პირველმა გაავრცელა გადაცემის ანონსი, სადაც ისმის სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობდა ანზორ ჩუბინიძეც. TV პირველი ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადამიანების დასჯას უკვეთავს, რადგან მათი კომენტარები არ მოეწონა — "სკოლაში ჩაფსმული მივა იმენა დღეს", "ვერ წავიდოდა სკოლაში" ეს და სხვა ფრაზები ისმის ჩანაწერებში, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის.