1960 წელს საფრანგეთმა ბირთვული იარაღი საჰარის უდაბნოში გამოცადა. ტესტის ფარგლებში, 14 თვის განმავლობაში, ოთხი ბირთვული ბომბის აფეთქება შედიოდა. ახლა ამ აფეთქების შედეგები საფრანგეთს უკან უბრუნდება. ძლიერ სეზონურ ქარებს საჰარის რადიოაქტიური მტვერი საფრანგეთისკენ მიაქვთ.

საბედნიეროდ, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მტვერი უვნებელია, მაგრამ ის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ბირთვული აფეთქების კვალი დიდხანს რჩება.

ძლიერმა ქარმა საჰარის მტვერი საფრანგეთის იურის მხარეში გადაიტანა, რის შედეგადაც ნარინჯისფერი თოვლი მოვიდა.

რადიოაქტივობის კონტროლის ასოციაციის (ACRO) მეცნიერებმა ნიმუშები მალევე აიღეს და გამოიკვლიეს. მათ აღმოაჩინეს ცეზიუმ-137, ბირთვული გახლეჩის ქვეპროდუქტი, რომელიც საჰარაში ბირთვულ აფეთქებასთანაა კავშირში.

"ეს რადიოაქტიური დაბინძურება, რომელიც ბირთვული აფეთქებებიდან 60 წლის შემდეგ კიდევ არსებობს, საჰარის უდაბნოს დაბინძურებას გვახსენებს, რაზეც საფრანგეთია პასუხისმგებელი." — ნათქვამია ACRO-ს ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ მტვერი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო არ უნდა იყოს, ის მაინც არასასიამოვნოა და შეიძლება გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს. როგორც ექსპერტები ამბობენ, რადიოაქტიური მტვერი კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ბირთვული აფეთქებები პლანეტისთვის ძალიან საშიშია.

ბევრმა ამ მოვლენას ირონიულიც უწოდა. ექსპერტებმა კი სახელმწიფოებს უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდეს.