ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "შუამავლების ჯგუფს" ქმნიან, რათა საქარტველოს პოლიტიკური კრიზისი გადაწყვეტაში დაეხმარონ. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა LRT ავრცელებს.

კითვაზე, აპირებდა თუ არა საქართველოში ჩასვლას, ლანდსბერგისმა თქვა, რომ საქართველოში შესაძლოა ევროკავშირის უფრო დიდი დელეგაცია ჩავიდეს.

"არის გეგმები [საქართველოში ჩასვლაზე], ახლა ვადგენთ, იქნება თუ არა ეს სასარგებლო. საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შუამავალთა ჯგუფი იქმნება და მასში ერთზე მეტი ქვეყანა შევა", — განაცხადა ლიეტუველმა მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაეგზავნოს ევროპული სიგნალი, რადგან საუბარია ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს. მელიას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია უარს ამბობს მთავრობასთან დიალოგზე და საპროტესტო აქციებს მართავს.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნიორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განხილვის საგანი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის დროსაც. მისი ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა და მედიაციის პროცესის დაწყებაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, შარლ მიშელმა საკითხების ჩარჩო შეადგინა, რომელზეც უნდა იმსჯელონ.