აუქციონზე გასული ე.წ. რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა. წინა აუქციონისგან განსხვავებით, საწყისი ღირებულა ამჯერად 23 750 000 ლარით ნაკლები იყო და 71 250 000 ლარს შეადგენდა. აუქციონი 4 თებერვალს გამოცხადდა და დღეს, 5 მარტს ისევ უშედეგოდ დასრულდა.

თბილისის ცენტრში მდებარე 14 591მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უნიკალურ არქიტექტურული ნიმუში სახელმწიფოს ბალანსზეა. მიწისა და ნაგებობის გაყიდვა გასული წლის დასაწყისში 95 000 000 ლარად სცადეს, თუმცა აუქციონი ისე დასრულდა, რომ მისი ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.

რიყის დოქების გაყიდვას ეჭვობდა თბილისის მერი კახა კალაძეც. კალაძე ამბობდა, რომ ნაგებობა 1 ლარად ვერ გაიყიდა და საეჭვოა, რომ 95 მილიონად გაიყიდოს.

აუქციონის პირობების თანახმად, ყიდვიდან სამი წლის ვადაში ინვესტორმა მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა შექმნას, რისთვისაც არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.