საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოსადმი წარდგენილი მოსაზრება მიკერძოებულია.

"სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია. ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ", — წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, სახალხო დამცველი არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას, რომელიც საქმის მასალების 16 ტომს და დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას მოიცავს და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებით ნაწილს წარმოადგენს", — წერია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, სახალხო დამცველის მოსაზრება მიკერძოებულია და სუბიექტურად აფასებს ფაქტებს.

"ამდენად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს და ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური დამკვირვებლის და ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი", — წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, კარტოგრაფების საქმეს "აშკარად" გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით მიმართა. წარდგენილი დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება. გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარესთან. აპარატი დააკვირდება სასამართლო პროცესის მსვლელობასაც.