შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არ იციან როდის დააკავებენ ზუგდიდის ბანკის თავდასხმაში ძებნილ ბადრი ესებუას, თუმცა აღნიშნავს, რომ ამაზე ბევრს მუშაობენ. დღეს, 5 მარტს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

"მე არ მინდა ახლა ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, იმ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ. ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ, არ ვიძახით ამას. არასდროს მითქვამს, რომ ხვალ მაქსიმუმ ერთ თვეში ესებუას დავაკავებთ. არ ვიცი, როდის დავაკავებთ. ვმუშაობთ მაქსიმალურად, არ იქნება სწორი ოპერატიული მიმართულებით დეტალებში შემოვიდე და ვისაუბრო", — განაცხადა გომელაურმა.

2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად ფულთან ერთად გაიქცა. მას ამ დრომდე ეძებენ.

12 დეკემბერს დააკავეს ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. ის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.