არასამთავრობო ორგანიზაციები საია და მწვანე ალტერნატივა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ, რომლითაც ნამახვანჰესის კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.

როგორც ორგანიზაციებში აღნიშნავენ, აქტის აღსრულება არსებით და შეუქცევად ზიანს აყენებს როგორც ბუნებრივ, ასევე კულტურულ გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

საია და მწვანე ალტერნატივა აცხადებენ, რომ ბრძანების ბათილად ცნობა სასამართლოსგან გასული წლის აპრილში ითხოვეს, თუმცა დღემდე მოსამზადებელი სხდომაც არაა ჩანიშნული:

"იმ პირობებში, როდესაც სარჩელის არსებითი განხილვა ჭიანურდება, მხოლოდ აქტის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში ენიჭება მნიშვნელობა სასამართლოში დავას, რადგან სამშენებლო სამუშაოების კანონდარღვევით გაგრძელების და ჰესის აშენების შემთხვევაში, თუნდაც დაკმაყოფილდეს სარჩელი, ვერ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ზიანი იქნება არსებითი, შეუქცევადი და ვეღარ აღდგება პირვანდელი გარემო".

როგორც NGO-ები აცხადებენ, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია ისე, რომ ინვესტორმა კომპანია ენკა რინიუებლზმა არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების შესამოწმებლად სავალდებულო კვლევების ჩატარება.

ნამახვანჰესის პროექტზე ცაგერში მოსახლეობისა და მინისტრების საჯარო შეხვედრა მიმდინარეობს.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან გასაუბრება გუშინ, 4 მარტს დაავალა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ ღარიბაშვილმა თქვა, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც ადგილობრივები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.