გაწვრთნილ ძაღლებს კიბოს და სხვა მძიმე დაავადებების გამოვლენა შეუძლიათ. ამისთვის ისინი ყნოსვას იყენებენ.

ახლა, მკვლევართა გუნდი ამ მეთოდს "რობოტული ცხვირის" შესაქმნელად ამუშავებს. ტექნოლოგია ძაღლებს მიბაძავს და მომავალში დაავადებებს უფრო სწრაფადაც აღმოაჩენს.

კვლევაში მონაწილეობას იღებენ MIT-ის და სხვა ინსტიტუტების მკვლევარები. კვლევა პირველად ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

როგორ ავლენენ ძაღლები დაავადებებს და როგორ მუშაობს მოწყობილობა

ცნობილია, რომ ძაღლებს, რომლებსაც სპეციალური წვრთნები უტარდებათ, შეუძლიათ კიბოს ზოგიერთი ყველაზე აგრესიული ფორმის გამოვლენა. თუმცა, მსგავს წვრთნებს დრო სჭირდება, ამიტომ მკვლევრებს სურთ შექმნან მოწყობილობა, რომელიც იგივეს უსწრაფესად შეძლებს.

კვლევის ფარგლებში გაწვრთნილი ძაღლები პროსტატის კიბოს გამოვლენას ცდილობდნენ. მათ ეს 71 პროცენტის სიზუსტით შეძლეს. ასევე, მათ სწორად გაარჩიეს პროსტატის სხვა დაავადებები.

"რობოტული ცხვირი" სწორედ ამ პროცესს ბაძავს და ამისთვის ელექტრონული მოწყობილობებს და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მომავალში ეს ყველაფერი, შეიძლება აპლიკაციის სახით არსებობდეს.

"წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც სმარტფონის გამოყენებით უმძიმესი დაავადებების შესახებ წინასწარ იგებთ, და ეს ყველაფერი რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე უშუალოდ ნიშნები გამოჩნდება და მას ექიმი შეამჩნევს." — ამბობს კვლევის თანაავტორი, დოქტორ ანდრეას მერშინი.

მერშინი და მისი გუნდი მსგავს მოწყობილობაზე რამდენიმე წელი მუშაობდნენ. ამ ეტაპისთვის დეტექტორი მინიატურული სისტემის სახით იქნება. სისტემაში შედის ცოცხალი ორგანიზმების სუნის რეცეპტორები, რომელიც სენსორების როლში გვევლინება.

მერშინი განმარტავს, რომ მათი სისტემა, 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე გაწვრთნილი ძაღლის ყნოსვა.

მკვლევრები ამბობენ, რომ მათ ნიმუში უკვე აქვთ და ახლა მის განვითარებაზე იმუშავებენ. მათი თქმით, მალე ასეთ ტექნოლოგიებს ყველა გამოიყენებს.