21-ე საუკუნე დიდი აღმოჩენების ეპოქაა. შეგიძლია, იმპერიის შენება ერთი აგურით დაიწყო, დაივიწყო წარსული და შენი ბრენდი თავად შექმნა. პირველი ნაბიჯი კი შეიძლება საკუთარი Youtube-არხის სახელის მოფიქრება იყოს.

იუთუბი სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც უამრავ ადამიანს თვითგამოხატვის, თვითშემეცნების, თვითგანვითარებისა და სხვა "თვით"-იანი საქმიანობის საშუალებას აძლევს. საქმე ეხება არა მხოლოდ მილიონიან აუდიტორიას, არამედ მათაც, ვისაც ჩვენ იუთუბერების სახელით მოვიხსენიებთ. მათ შეძლეს მრავალფეროვანი კონტენტის კონკურენციის პირობებში ქართველი მაყურებლის ყურადღება მიეპყროთ და, საბოლოო ჯამში, ერთგული აუდიტორიაც შეეძინათ.

ჰობი და გასართობი, კულინარია და გურმანია, თამაშები და წიგნები — ქართულ იუთუბზე ყველა ამ სფეროს წააწყდებით. ახლა ჯერი თქვენზეა — შემოთავაზებული ვერსიებიდან თქვენთვის საინტერესო კონტენტი აღმოაჩინოთ.

1. აღმოაჩინე საყვარელი საჭმელი სხვა თვალით

იცით, რას არ უჩივის იუთუბი? მუკბანგებსა და კოლაბორაციებს. გეგონება, საყვარელი სერიალის სპინ-ოფს ან ფილმების ქროსოვერს უყურებ — იუთუბერები ერთმანეთის ვიდეოებში ჩნდებიან და გაერთიანებული ძალებით ქმნიან კონტენტს და შთანთქავენ საკვებს. მაგალითად, ოქტოპუსის და საეჭვო კაცის კოლაბორაციით ჭამის ქართულ სტერეოტიპებს ერთ ვიდეოში მოეყარა თავი — "ჟმოტი" თანამეინახიდან მსოფლიოში აღიარებულ მუკბანგამდე.

2. აღმოაჩინე ვიდეოთამაშების გახმოვანებული ვერსიები

იუთუბზე გეიმერებიც მრავლად არიან. რეკომენდაციები და სხვისი თამაშის ყურება თუ საშენო საქმე არაა, შეგიძლია საქმეში უფრო მეტი კრეატიულობა ჩართო და საყვარელი თამაში გაახმოვანო. ასე მოიქცა პატო, რომელმაც GTA GO-ის მეტ-ნაკლებად ნაცნობ მომენტებს თავი მოუყარა და საკუთარი ხმით გააცოცხლა. ვიდეოს ყურების შემდეგ გეიმერები ამ თამაშს ძველებურად ალბათ ვეღარასდროს ითამაშებენ.

3. აღმოაჩინე ნაცნობი გრძნობა

IKANATIA სხვადასხვა ვირტუალურ პლატფორმებზე უკვე წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. წყვილის მიერ შექმნილი სკეტჩები და სასაცილო სიტუაციები იმდენი ადამიანისათვის აღმოჩნდა ნაცნობი, რომ არხზე დადებული ვიდეოების ნახვები არა ათასებს, არამედ მილიონებს აღწევს. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო, მაგალითად, ეჭვიანი პარტნიორის სერიიდანაა.

4. აღმოაჩინე დამალული ნიჭი

თუ კარანტინმაც ვერ დაგარწმუნა იმაში, რომ თავშესაქცევად სახლში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, შესაძლოა, ჯერ სწორი იუთუბარხი არ გიპოვია. აი, ანანო თოთიაური მრავალფეროვან კონტენტს ქმნის — შემეცნებითი და პრაქტიკული ვიდეოგაკვეთილებიდან — გასართობ ვიდეოებამდე. თან, თითოეულ მათგანში ისეთი მონდომება ჩანს, მართლაც აღმოგაჩენინებს ახალ "სქილს". მაგალითად, სახის ხატვას, რომელიც თურმე არც ისეთ რთული ყოფილა, როგორიც გვეგონა.

5. აღმოაჩინე შემოსავლის წყარო

"ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც დაუზარლად უზიარებენ სხვებს თავიანთ გამოცდილებებს და ეხმარებიან მათ წარმატების მიღწევაში" — ასეთი გამოხმაურება მოჰყვა TRAVEL With Us-ის ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც იგი მაყურებელს ფრილანსერობის შესახებ ესაუბრება.

ფრილანსერობამ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი, თუმცა, იუთუბერობა სწორედ ერთ-ერთი საშუალებაა სახლიდან დამოუკიდებლად მუშაობისა და შემოსავლის მისაღებად. თუკი ახალი გამოწვევებისთვის მზად ხართ და რისკიც არაა თქვენთვის უჩვეულო, ალბათ ღირს, ჯერ ამ შემეცნებით ვიდეოს უყუროთ, შემდეგ კი მომავალზე დაფიქრდეთ.

6. აღმოაჩინე ახალი პროფესია

კარიერული საქმიანობის შეცვლა არასდროსაა გვიანი და ამის მტკიცებულებას ინტერნეტში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. თუ აუდიტორიასთან კარგად გამოგდით ურთიერთობა, ესე იგი უკვე გქონიათ უნარები, რომლებიც იუთუბს სჭირდება.

H1Ta, მაგალითად, ლექტორი უნდა ყოფილიყო. თუმცა, იუთუბერობით და სხვადასხვა გამოთვლებით დარწმუნდა, რომ ვირტუალურ პლატფორმაზე ბევრად დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე ლექტორობის შემთხვევაში ეყოლებოდა.

7. აღმოაჩინე შემართება შენს თავში

გიორგი დანელიამ საინტერესო და რთული გზა გამოიარა, სანამ ქართული ინტერნეტსივრცის ვარსკვლავად იქცეოდა. ამის შესახებ მან თავადაც ისაუბრა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ დოკუმენტურ ფილმში.

თუმცა, ახალ გამოწვევებზე არასდროს იხევს უკან და არც ამ გამოცდილების აუდიტორიისთვის გაზიარებას ზარდება. აი, მაგალითად, როგორი იქნებოდა კურიერობა, თუნდაც, მხოლოდ ერთი დღით? ხშირად აღნიშნავენ, რომ კარანტინის პერიოდში კურიერების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ჩვენ არ ვიცით, როგორია მათი ერთი სამუშაო დღე. ამის შეტყობას გიორგი დანელიას ვიდეოდან შეძლებთ.

8. აღმოაჩინე საყვარელი საკითხავი

ქართულ ინტერნეტში ლიტერატურის შესახებ მაინცდამაინც ბევრ კონტენტს ვერ ნახავ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ სიტუაციის შეცვლა სურთ.

მარიას კლუბი სულ რამდენიმე თვეა, რაც ვიდეოპლატფორმაზე გამოჩნდა. მისი დახმარებით, წიგნების განხილვების გარდა, ახლა უკვე გათამაშებების, აბიტურიენტის ცხოვრებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება.

9. აღმოაჩინე ახალი ტრენდები

ცხადია, ეს სია Beauty ვლოგერების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნებოდა.

თაკო საზინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი იუთუბერია. მისი მთავარი მიმართულება მაკიაჟი და მისი მნიშვნელობაა. მისი ვლოგებიდან მოდის უახლესი ტენდენციების შესახებაც შეგიძლიათ შეიტყოთ და სილამაზის სფეროს შესახებ არც ერთი სიახლე არ გამოგრჩეთ.

10. აღმოაჩინე შენ მიერ შექმნილი კონტენტი

ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, თავად შეგექმნათ ან მონაწილეობა მაინც მიგეღოთ ჰიტის შექმნაში. ამის შესაძლებლობა იუთუბზე გეძლევათ — აკი ტყუილად არ ვახსენეთ დასაწყისში უსასრულო შესაძლებლობები.

N ice-მა გადაწყვიტა, მაყურებლების კომენტარები გაერეპა და ასე დაიბადა უამრავი ავტორის მქონე ახალი ჰიტი.

ბონუსი: აღმოაჩინე, რომ Youtube-ზე წარმატებისთვის გზა სულ არის

ალბათ, დარწმუნდით, რომ იუთუბი მართლაც უთვალავი შესაძლებლობის პლატფორმაა. თუმცა თუ მეტი არგუმენტი გჭირდებათ, შეგიძლიათ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ დოკუმენტურ ფილმს უყუროთ და ქართველი იუთუბერებიც ხელახლა აღმოაჩინოთ.