ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პლებისციტის საკითხზე ოპოზიციაშია განხეთქილება და ისინი ვირტუალურ კამათში შევიდნენ ამასთან დაკავშირებით ერთმანეთთან.

"ოპოზიციაში თავად არის განხეთქილება პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწებოდეს, წარმოუდგენელი ამბავია, რაღაც ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან", — განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პლებისციტი ისევე არ განიხილება, როგორც რიგგარეშე არჩევნები.

სააკაშვილმა 4 მარტს განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის მოდელს ოპოზიცია არ უნდა დათანმხდეს.

ოპოციზიური პარტიის ლიდერები სააკაშვილის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პათოსს და ამბობს, რომ პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს.

ელენე ხოშტარიამ კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს.

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხრიდან შეხვედრაზე თხოვნა იყო, რომ გარკვეულწილად კომპრომისულები ყოფილიყვნენ, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპრომისი იქნება, თუ ისინი რიგგარეშე არჩევნების მიმართ პლებისციტზე წავლენ.