იტალიამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა. საუბარია 250 ათას დოზა ვაქცინაზე, რომელიც იტალიაში არსებულ ქარხანაში იწარმოება.

იტალია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ექსპორტის შეჩერების ახალი წესი გამოიყენა. ახალი რეგულაცია იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ვაქცინის მწარმოებელი კომპანია ევროკავშირის წინაშე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს.

გასულ კვირას იტალიის მთავრობამ ევროკომისიას მიმართა, რომ ვაქცინის ექსპორტის დაბლოკვას აპირებდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ექსპორტის შესახებ განაცხადი 24 თებერვალს მიიღეს და დიდი დოზების გამო დაბლოკეს.

სამინისტრო განმარტავს, რომ ავსტრალიაა არაა "მოწყვლადი" ქვეყნების სიაში და რომ ევროკავშირსა და იტალიაში ვაქცინის მუდმივი დეფიციტია. ამასთან, ავსტრალიაში გასაგზავნი ვაქცინის რაოდენობა იტალიისთვისა და ევროკავშირისთვის მიცემულ დოზებზე მეტი იყო.

იტალიის ნაბიჯის საპასუხოდ, ავსტრალიაში განაცხადეს, რომ უკვე მიიღეს 300 ათასი დოზა და შემდეგი თვიდან ადგილობრივი წარმოების დაწყებას გეგმავენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 250 ათასი დაბლოკილი დოზა ვაქცინაციას ხელს არ შეუშლის.