ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს. საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი 4 მარტს შედგა.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, ლოიდ ოსტინმა ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უჭერს მხარს.

"აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს. ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ემყარება. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის", — წერია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ მინისტრმა ბურჭულაძემ აშშ-ის მიერ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის.

პენტაგონის თანახმად, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და სამომავლო თანამშრომლობა ბოლო წლების მიღწევებს უნდა ემყარებოდეს.