სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე მოხდა.

"მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. ამასთან, დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა", — აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება მომხდარს, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაზიანება ნ.ქ.-ს სავარაუდოდ მისმა მესამე თანამესაკნე ვ.ა.-მ მიაყენა, თუმცა აღნიშნავენ, რომ საკანში, სადაც მოცემული პირები იმყოფებოდნენ, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ ვ.ა.-ს საქციელის მიზეზი უწყებისთვის გაურკვეველია.

მათვე თქმით, მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ეცნობა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.