საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის, მარინე ნარჩემაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე AstraZeneca-ს მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან მოსალაპარაკებლად ინდოეთში მივლინებით გაემგზავრა.

"ინდოეთში ფუნქციონირებს ფარმაცევტული კომპანია, რომელიც აწარმოებს კომპანია AstraZeneca-ს წარმოებულ ვაქცინას. მასთან უკვე დიდი ხანია დამყარებულია კონტაქტი, კავშირები და მიმდინარეობს ქართული მხრიდან ამ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და დასრულდეს წარმატებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილის მივლინებისა ინდოეთში", — განაცხადა ნარჩემაშვილმა.

საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს Pfizer-ია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზაც შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს.

გაიგეთ მეტი: