მას შემდეგ, რაც სან-ფრანცისკოს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის ბრძანება დაბლოკა ემიგრაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ტვიტერზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

"სასამართლოში შევხვდებით".

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული დაცვის სამსახური რისკზე მიდიოდა და დასძინა, რომ ის საქმის მარტივად მოგებას ელოდებოდა.

Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის მრჩეველმა კელაინ კონვეიმ განაცხადა, რომ ვერ დააკონკრეტებს, გულისხმობდა თუ არა ტრამპი თავის ტვიტში საქმის უზენაეს სასამართლოში გაგრძელებას, თუმცა დასძინა, რომ ამასთან დაკავშირებით თეთრ სახლში განსხვავებული შეხედულებებია.

დონალდ ტრამპმა იანვარში ხელი მოაწერა ბრძანებებს, რომლებიც ითვალისწინებდნენ მიგრანტების პროგრამის 90 დღით შეჩერებას, 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამერიკაში შესვლის აკრძალვას და 120 დღით ყველა მიგრანტის, ხოლო განუსაზღვრელი ვადით სირიელების, მიღების შეჩერებას.

სააპელაციო სასამართლოს საქმე მას შემდეგ გადაეცა, რაც სიეტლის მოსამართლე ჯეიმს რობარტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერა დონალდ ტრამპის აკრძალვა შვიდი სახელმწიფოს მოქალაქეების ქვეყანაში შეშვებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შემდეგ, პრეზიდენტი მოსამართლეს ტვიტერიდან დაესხა თავს და განაცხადა, რომ ქვეყანაში თუ რამე ცუდი მოხდებოდა, დამნაშავე მოსამართლე იქნებოდა.

ტრამპმა ასევე თანამდებობიდან გადააყენა იუსტიციის მინისტრი სალი იატისი, რადგან მან უარი თქვა დაეცვა სასამართლოებში ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც აშშ-ში გარკვეული ტიპის ვიზიტორებს შესვლას უკრძალავს.

29 იანვარს ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ასევე დაბლოკა დონალდ ტრამპის ბრძანებები მიგრანტების და 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების არ მიღებაზე.

სან-ფრანცისკოს მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას მოკლე და ლაკონური ტვიტით გამოეხმაურა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ყოფილი კონკურენტი ჰილარი კლინტონი.