ლოს-ანჯელესის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოფია ვერგარას ყოფილი საქმრო, ნიკ ლოუბი, ვერგარას თანხმობის გარეშე გაყინული ემბრიონის გამოყენებას ვერ შეძლებს. Modern Family-დან ყველასთვის საყვარელი გლორიას როლის შემსრულებლისა და ამერიკელი ბიზნესმენის ურთიერთობა 2010-დან 2014 წლამდე გრძელდებოდა. ამ დროს მათ ემბრიონი გაყინეს, თუმცა 1 წლის შემდეგ დაშორდნენ.

2017 წელს ვერგარამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, რომ მისი წერილობითი თანხმობის გარეშე ნიკ ლოუბს გაყინული ემბრიონის გამოყენების უფლება არ მიეღო. სასამართლო განხილვა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ, ლოს-ანჯელესის მოსამართლემ ვერგარას მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დოკუმენტის მიხედვით, ნიკ ლოუბს გაყინული ემბრიონის გამოყენება და მათი საერთო შვილის ხელოვნური განაყოფიერებით დაბადება ვერგარას წერილობითი თანხმობის გარეშე ეკრძალება.

სოფია ვერგარა და ნიკ ლოუბი. 2014 წელი.

ფოტო: Jason Merritt / Getty Images

ლოუბი ირწმუნება, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა ჰოლივუდმა მოახდინა. თუმცა, სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, თავდაპირველ შეთანხმებაში ყოფილი პარტნიორები ხელს აწერდნენ, რომ მეორე მხარის თანხმობის გარეშე გაყინული ემბრიონის გამოყენება არ შეეძლოთ. ამის საპასუხოდ ლოუბი ამტკიცებს, რომ ვერგარა მას სიტყვიერად დაეთანხმა ემბრიონის გამოყენების უფლების მინიჭებაზე, თუმცა ამის მტკიცებულება მას არ გააჩნია.

სასამართლო დავა 4 წელია გრძელდება და ლოუბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას კიდევ ერთხელ აპირებს.

ინ ვიტრო განაყოფიერებას ხშირად მიმართავენ უშვილო წყვილები. პროცედურის დროს ქალისგან კვერცხუჯრედებს იღებენ და ლაბორატორიულ პირობებში, სპერმასა და კვერცხუჯრედს აერთებენ — ასე იქმნება ემბრიონი, რომელიც მოგვიანებით ქალის საშვილოსნოში თავსდება. ემბრიონები შესაძლოა გაიყინოს კიდევაც, რითიც წყვილს მათი სამომავლოდ გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა.

გაყინული ემბრიონების სიცოცხლის ხანგრძლივობა, პოტენციურად, უსასრულოა, თუმცა, მათი შენახვა არც ისე მარტივია. 2020 წლის მიწურულს ამერიკაში ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა, რომლის ემბრიონიც 1992 წელს გაყინეს. ამ მაჩვენებლით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა, რადგან მანამდე ყველაზე ძველი ემბრიონი, საიდანაც ბავშვი დაიბადა, 24 წლის წინ იყო გაყინული.