მმართველი გუნდის დეპუტატის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, როგორც "ტანგოს ცეკვისთვისაა" საჭირო ორი, ისეა საჭირო, არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობაც.

"როგორც ამბობენ ხოლმე, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა. თქვენ ნახეთ, პირველივე საათებში, როგორც კი მოლაპარაკება დასრულდა, რა ხდებოდა პარლამენტის გარეთ. ის რაც ხდებოდა პარლამენტის გარეთ, ნებისმიერი შიდა და გარე დამკვირვებლისთვის იყო ძალიან მსგავსი იმისი, რაც ხდებოდა კაპიტოლიუმის გარეთ", — თქვა მან.

ოპოზიციის ლიდერებმა 2 მარტს პარლამენტთან პიკეტირების აქცია გამართეს. ისინი ასე მხარდაჭერას უცხადებდნენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და მის დაკავებას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, ამ აქციის მიზანი არ ყოფილა გადაადგილების საშუალება შეეზღუდათ პარლამენტში შემსვლელი დეპუტატებისთვის, არამედ "დისკომფორტი" შეექმნათ მათთვის და პარლამენტში შესვლამდე მიწევდინათ ხალხის ხმა. აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს.

თუმცა ოპოზიციამ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების დასრულებამდე აქციების ნაწილის ფორმატი შეცვალა, ნაწილი კი გადადო. შეიცვალა დღეს, 4 მარტს მთავრობის კანცელარიის პიკეტირების გეგმაც. მის ნაცვლად, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები რუსთავის ციხემდე საავტომობილო მსვლელობით გაემართებიან. სწორედ იქ იმყოფება პარტიის ლიდერი, ნიკა მელია. ამასთან, გადაიდო 13 მარტისთვის დაგეგმილი საერთო ოპოზიციური აქცია, რომელიც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20 მარტისთვის ჩაინიშნა.