კერალას საერთაშორისო კინოფესტივალზე ფრანგული კინოს ლეგენდამ, ჟან-ლუკ გოდარმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მალე მისი სარეჟისორო კარიერა ფინიშის ხაზს გადაკვეთს.

90 წლის კინოხელოვანმა აღნიშნა, რომ ამჟამად ორ ახალ პროექტზე მუშაობს, რომლებიც მის კარიერაში უკანასკნელი იქნება:

"ჩემს კინოცხოვრებას ვასრულებ. დიახ, კინოხელოვანის ცხოვრებას. ორი ახალი სცენარის დასრულების შემდეგ კინოს დავემშვიდობები", — თქვა მან.

ინდური კინოფესტივალის ფარგლებში ჟან-ლუკ გოდართან თითქმის საათნახევრიანი საუბარი სხვადასხვა თემაზე ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ:

გოდარი ყველაზე მეტად ფრანგულ ახალ ტალღასთანაა დაკავშირებული: 1960 წელს გადაღებული სადებიუტო ნამუშევრით Breathless (უკანასკნელ ამოსუნთქვამდე) საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ის ასევე რეჟისორია ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა Contempt (ზიზღი), Pierrot le Fou (შეშლილი პიერო) და Vivre Sa Vie.

მისი ჯერჯერობთ ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი The Image Book-ია (სურათებიანი წიგნი), რომელიც 2018 წელს გამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის უნდა ველოდოთ მის დაგეგმილ შემდეგ ორ პროექტს, რომლებიც, როგორც თავად რეჟისორი გვპირდება, ბოლო ნამუშევრები იქნება მის შემოქმედებაში.