სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა დაადგინეს, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან.

"მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. პაციენტებს არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები, ხოლო დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში. არსებული მწვავე პრობლემების ფონზე, სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს", — წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის დასკვნაში წერია ისიც, რომ პაციენტებს არ უტარდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ფსიქიატრიული დახმარება კი დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე.

"დაწესებულებაში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე. პაციენტთა ნაწილი მედიკამენტების მინიმალურ თერაპიულ დოზას იღებს და მათ არ უტარდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. დაწესებულებას არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებს გაუწიოს შესაბამისი დონის მზრუნველობა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ინფორმირება, განათლება და მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ჩართვა", — წერია დასკვნაში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძირითადი ნაწილი მოძველებული და გაუმართავია, უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები, რის გამოც იზრდება ინფექციის გავრცელების რისკები.

"შენობის ძირითადი ნაწილის ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაუმართავია. მრავალ ადგილიან საერთო პალატებში არის გადატვირთულობა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, დაწესებულებაში უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები. შესაბამისად, დაწესებულებაში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ფონზე, დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, კვლავ რჩებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სურვილის მიუხედავად, სტაციონარს ვერ ტოვებენ იმის გამო, რომ თემში არ არის საჭირო სერვისები", — წერია სახალხო დამცველის დასკვნაში.

სახალხო დამცველის დასკვნაში წერია ისიც, რომ პაციენტებს არ უტარდებათ ჯანმრთელობის პრობლემებიზე მკურნალობა, არ აქვთ სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურება და ა.შ.

"დაწესებულებაში არ ხდება ბენეფიციარების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების სრულფასოვანი მკურნალობა. პაციენტები, ვერ იღებენ დროულ და სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. პაციენტების უმრავლესობას განსაზღვრული აქვს ნებაყოფლობითი ფსიქიატრიულ დახმარებისთვის სტაციონირებული პაციენტის სტატუსი, თუმცა რეალურად მათ არ შეუძლიათ დაწესებულების სრულიად ან დროებით საკუთარი ნებით დატოვება. დაწესებულებაში არ არის დანერგილი საჩივრების განხილვის მექანიზმი. ბენეფიციარების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ. პაციენტების უმრავლესობას ჩამორთმეული აქვთ კუთვნილი ტელეფონები და ახლობლებთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში დამოკიდებულნი არიან პერსონალის კეთილ ნებაზე, შესაბამისად პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი", — წერია დასკვნაში.

აღნიშნული ანგარიში ეფუძნება სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 2020 წლის 15-16 სექტემბერს განხორციელებულ საგანგებო მონიტორინგის ვიზიტს.