პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მზარდი ელექტროენერგიის მოხმარების გამო ქვეყანაში ყოველწლიურად მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ენერგოუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს.

"პროგნოზები, რომელიც არის ენერგეტიკის მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს მინიმუმ, საშუალოდ, 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება და არ ხორციელდება. აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია კომუნიკაცია მოსახლეობასთან", — აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გარდა ამისა, მან ნამახვანჰესის საკითხზე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან გასაუბრება დაავალა. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.