პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერიის ინიციატივას, განისაზღვროს ფინანსური დახმარება კვების ობიექტების მფლობელებისთვის 5 000 ლარის ოდენობით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი 10 000 ლარით.

"პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე და დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესაბამის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს, რომ შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბარებისა და რესტონების წარმომადგენლები პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს რამდენიმე თვე აპროტესტებენ. დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში კვების ობიექტებს ღია სივრცეში შეუძლიათ ფუნქციონირება, თუმცა მხოლოდ სამუშაო დღეებში.