პრმიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან გასაუბრება დაავალა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ ღარიბაშვილმა თქვა, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

"მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომაც მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავასა და ბატონ ლევან დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ, ხვალ მაგალითად, და დაიწყეთ აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაესაუბრეთ, რასთან დაკავშირებით აქვთ წუხილი", — აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა მინისტრებს მოუწოდა, რომ პარლამენტში შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები გამართონ, სადაც ნამახვანჰესის საკითხზე იმსჯელებენ:

"შეიძლება, ამ საკითხით დაინტერესებული პირების მონაწილეობით გაიმართოს ეს მოსმენები და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია, ხოლო ყოველწლიურად იმპორტირებული ელექტროენერგია იზრდება.

"პროგნოზები, რომელიც არის ენერგეტიკის მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს მინიმუმ, საშუალოდ, 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება და არ ხორციელდება. აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია კომუნიკაცია მოსახლეობასთან", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც ადგილობრივები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.