ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახისთვის ბინის გადაცემა.

IDFI-ის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით გაცემულია გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე დევნილების საცხოვრისით უზრუნველსაყოფადაა საჭირო (1,5 მილიარდი ლარი):

"2011 წლიდან 2016 წლის პირველი 8 თვის ჩათვლით ბიუჯეტიდან მხოლოდ საშტატო თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია 1 735 331,710 ლარი. სამწუხაროდ, 2011 წლამდე მსგავსი მონაცემები ინსტიტუტისთვის უცნობია, თუმცა არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 2008 წლიდან მხოლოდ პრემია/დანამატებზე 50 პროცენტიანი ეკონომიისა და დაზოგილი თანხების დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მიმართვის პირობებში, დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახი საქართველოში უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა მუდმივი საცხოვრებლით".

IDFI-ის ცნობით, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გათვლებით, დევნილების მუდმივი საცხოვრისით უზრუნველსაყოფად დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარია საჭირო. ხოლო იმ პოლიტიკით, რომელსაც სამინისტრო აწარმოებს, სახელმწიფოს დასჭირდება დაახლოებით 20 წელი ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილებისთვის.

ინსტიტუტის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი დაკარგეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად. შესაბამისად, საქართველოს ყველა ხელისუფლება ვალდებული იყო სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად განესაზღვრათ დევნილების მუდმივი საცხოვრებლით დროული უზრუნველყოფა. ამასთან სახელმწიფო ვალდებული იყო არსებულ საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, სახელმწიფო სახსრების გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად დაეჩქარებინა დევნილი ოჯახებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესი.