გაეროს მონაცემებით, დღეს მიანმარში 38 დემონსტრანტი დაიღუპა. დღე კი პროტესტისა და სამხედრო მმართველობის დაწყების შემდეგ ყველაზე ძალადობრივ დღედ შეფასდა.

უსაფრთხოების ძალებმა პროტესტანტებს რამდენიმე ქალაქში გაუხსნეს ცეცხლი. არსებული ინფორმაციით, მსხვრპლთაგან, სულ მცირე, 2 თინეიჯერი იყო.

მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა შინაპატიმრობაში მოაქციეს ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი და პრეზიდენტი ვინ მინი. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ერთი წლის ვადით მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ზოგიერთ მსხვილ ქალაქში დამატებით კომენდანტის საათია დაწესებული.

სამხედრო მმართველობამ გაათავისუფლა გაეროში მიანმარის ელჩი, რადგან მან მოუწოდა დიპლომატებს ყველაფერი ქნან ხუნტის შესაჩერებლად.

სამხედრო რეჟიმი მიანმარს 1962-დან 2011 წლამდე მართავდა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ხუნტამ ძალაუფლება დათმო და მიანმარმა დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. თუმცა როცა გასული წლის არჩევნებზე აუნ სან სუ ჩის პარტიამ კვლავ უმრავლესობა მოიპოვა, სამხედროებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და გადატრიალება მოაწყვეს.