ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ საქართველო უკეთ მუშაობს ვიდრე ისრაელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ვაქცინა აქვს, ყოველდღე მაინც ჩვენზე "ათჯერ მეტი" ახალი ინფიცირებულები ჰყავთ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"საინტერესო მაგალითს გეტყვით, რაზეც შეიძლება ისევ გამოვიწვიო გარკვეული რეპლიკები ჩემი ოპონენტებისგან. ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, მე რომ ვიცი, ნახევარი აცრილი იყო და ახლა ამბობენ, რომ 2/3 აცრილია, თან Pfizer-ის ვაქცინით, სავარაუდოდ, ყველაზე უკეთესი ვაქცინით. შებრძანდით ინტერნეტში და ნახეთ, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოდის 4 ათასზე ქვემოთ.

ისრაელი ჩვენზე ორჯერ დიდია სულ. ჩვენ 4 მილიონი ვართ, ის — 9. ჩვენ გვაქვს 300 შემთხვევა, ხან 100, ხან 200, 400-ზე მეტი არა და ისრაელს აქვს 4-5 ათასი ახალი შემთხვევა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ვაქცინას ეჭვის ქვეშ აყენებსო? არა! მე ვამბობ, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული ერთადერთ საშუალებად და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი. აი, მაშინ დამარცხდება პანდემია.

ვიტყვი ამას და შემომედავოს ვინც უნდა. ესე იგი, ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობას, ალბათ, ვიდრე ისრაელი, იმიტომ, რომ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე ათჯერ მეტი ახალი შემთხვევები აქვთ", — თქვა მან.

საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზა შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.

გაიგეთ მეტი: