ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, ე.წ. ჰეითერები, რომლებსაც ვაქცინის დროებითმა დაგვიანებამ მისცა სალაპარაკო, რომ ატეხონ რაღაც განგაში. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ადამიანების გარკვეული ჯგუფი, პოლიტიკურად ანგაჟირებულები, მე ვიტყოდი, რომ კიდევ უარესი, ე.წ. ჰეითერები, ანუ მუდმივად კრიტიკის და სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანები, რომლებსაც ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდებოდა აქამდე პანდემიას აქამდე და ახლა ამ დროებითმა დაგვიანებამ მისცა სალაპარაკო, რომ ატეხონ რაღაც განგაში და ამბავი, რომ თითქოს რაღაც ჩავარდნა აქვს საქართველოს, რაღაც ხო უნდა მოუძებნონ, ხომ არ შეიძლება ქვეყანა ყველაფერში წარმატებული იყოს, აბა ის ოპოზიცია რაღა საჭიროა", — ამბობს ცერცვაძე.

საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს Pfizer-ია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზაც შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს.

გაიგეთ მეტი: